კაკლუჩა-ორბელიანების ნუგბარი

კაკლუჩა


 ეს ამბავი მაშინ მოვისმინე, როცა თვითმფრინავში ვიჯექი და ბავშვობის მერე პირველად, საქართველოში მოვდიოდი. პარიზიდან პირდაპირი ფრენით თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი და თანაც ძალიან ვღელავდი. ბევრი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც თბილისი ბოლოჯერ ვნახე, მე კი უკვე უამრავჯერ მქონდა გონებაში წარმოდგენილი, როგორ დავდიოდი ამ ძველებური ქალაქის ძველებურ უბნებში, მრავალი წლით გამოცდილ კერძებს ვაგემოვნებდი და ყველაზე ევროპული ქალაქიდან, პარიზიდან, უძველეს ევროპულ ქალაქში, თბილისში, ამოვყოფდი თავს.
 
ხელში თბილისის ფოტოიან საფოსტო ბარათს ვათამაშებდი, ფიქრებში ვიყავი გართული და მიწიდან ათასობით კილომეტრის ზემოთ მფრინავი კიდევ უფრო სხვაგან დავფრინავდი, როდესაც ვიღაც ქალმა იმ ფიქრებს გამომტაცა და უეცარი საუბარი გამიბა- კარგია, არა?- მიყურებდა და ვერც მივმხვდარიყავი, რას გულისხმობდა. შემდეგ ფოტოზე მიმითითა და გააგრძელა- თბილისი გყვარებია- გამიღიმა. მე უცებ გამოვერკვიე და დავუდასტურე თბილისის სიყვარულიც, შემდეგ ისიც მოვუყევი, ბევრი წლით რომ გამომტაცა ჩემს მშობლიურ მხარეს ბედმა თუ უბედობამ და ახლა კი საბოლოოდ დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი. საოცარი იყო, მეტჯერ ხმა არ გაუცია ისე, მხოლოდ მე ამალაპარაკა და მერე თითქმის ერთი საათი ისმენდა ჩემი და თბილისის მონატრებაზე. ის იყო ვიფიქრე, მგონი, თავი მოვაბეზრე-მეთქი, რომ უეცრად ჩანთიდან რაღაც საგულდაგულოდ შეფუთული ნივთი ამოიღო, ჯერ ლითონის ლამაზად დამუშავებულ ჭურჭელს მოხადა თავი, რომელსაც გახსნისთანავე რაღაც უჩვეულოდ ტკბილი და ჯერ უცნობი სურნელი ამოჰყვა, შემდეგ რბილი ქსოვილი რუდუნით გახსნა და იმ ჭურჭელში სამი ტკბილეულიდან ერთ-ერთი გამომიწოდა, დაამატა- მე თუ მკითხავ, თბილისი ამ ტბკილეულის გარეშე არ იცნობაო. რა დროს ჩემი მორიდება იყო, ჯერ ერთი თვალი შევავლე, იმდენად იდეალური ფორმის რაღაც იყო, მხარე ვერ მოვუძებნე, საიდანაც ჩაკბეჩას შევძლებდი, თუმცა გავბედე და კარამელის, თაფლისა და ნიგოზის ქმნილებას კბეჩით გავებრძოლე. ასეთი გემო იქამდე არასოდეს გამესინჯა, საუბარიც კი შემაწყვეტინა და სმენად მაქცია ამ ტკბილეულობის უცნობი პატრონის მიმართ- ჰყვებოდა და ჰყვებოდა

– ეს ტკბილეული, პირველი ქართული დესერტია, თანაც ისეთი, რომლის დამზადების წესიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დარჩა გონებაში, თუმცა ვინც კი ერთხელ მაინც დააგემოვნა, ვერასოდეს დაივიწყო. ამ ტკბილეულის შექმნას მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის, ერეკლე მეფის შვილთაშვილის, სახელს უკავშირებენ, რომელმაც თავის პირისფარეშ ქალთან, პელაგიასთან ერთად შექმნა. ამ ნუგბარის დამზადების წესებს ხან ემატებოდა რაიმე, ხან კი აკლდებოდა, რამაც ძვირფასი და პირვანდელი გემო საერთოდაც არ შეცვალა. ძირითადი ინგრედიენტი კი კარამელი და ნიგოზია, თუმცა ძალიან რთულია გასინჯვით იმის მიხვედრა, როგორ ოსტატურად შეიკვრება ხოლმე ეს თითქოსდა უბრალო ინგრედიენტები ასეთი გემოს მქონე ტკბილეულად. ის, რომ კაკლუჩად წოდებული ორბელიანების ნუგბარი ასე იშვიათადაა ცნობილი, მას უფრო თბილისურ გემოდ აქცევს, ისეთად, რომლის საძებნელად დრო გჭირდება, შეგრძნება იმისა, რომ იქ ხარ, სადაც საუკუნეების წინ შენს წინაპრებს ბევრი ისტორია გადახდენიათ. ნუგბარის ყოველი ჩაკბეჩაც კი აქამდე უგრძნობ ისტორიებთან გაკავშირებს.

ახლადაღმოჩენილი გემოს შეგრძნებამ და იმ ქალის ისტორიამ კიდევ უფრო შორს გამიტაცა, ძილბურანში გამხვია და მძინარეს დამასიზმრა ჩემს წარმოდგენებში შექმნილი დამზადების პროცესის სურათიც. მერე კი იმ დროს გამეღვიძა, როცა თვითმფრინავი ისიყო დამჯდარიყო და მგზავრები ჩასვლას ცდილობდნენ. ჩემს გვერდით ადგილი ცარიელი დამხვდა, ვერსად ვნახე ისტორიის და ტკბილეულის მფლობელი ქალბატონი. მხოლოდ ერთი რამ იყო დარჩენილი მის ადგილას- ლითონის ლამაზი ჭურჭელი და შიგნით შეფუთული ორი ცალი ტკბილეული- კაკლუჩა. როგორც ჩანს, თბილისმა თავისიანად მიმიღო-ვამბობ, საუკუნო ისტორიით ნაკვებ ჰაერს ვისუნთქავ და ასახდენი ისტორიების მოლოდინით პირველ ნაბიჯს ვდგამ საქართველოში.

საინტერესო პოსტები

ელარჯის ბურთები

ელარჯის ბურთები

მარტივად რომ ვთქვათ, მეგრელებს ელარჯით იცნობენ. თუ სამეგობროში ან სანათესაოში მეგრელი გამოერევა ხოლმე, ეს აუცლებლად ნიშნავს ელარჯის ხსენებას და ამ კერძის მთელი სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობას. ხუმრობითაც კი ამბობენ, რომ ამ კერძის დამზადება კი მარტივია, თუმცა...

ხინკალი

ხინკალი

მკაცრად გაწერილი ჭამის წესი, უამრავი ხუმრობებისა და ისტორიების მონაწილე, ასევე მისი ნაოჭების სიმრავლის ამბები და კიდევ მრავალი სხვა დეტალი, რომელიც ამ კერძის ირგვლივ შეიქმნა. ამის შემდეგ კი როცა ხინკლის დაგემოვნებას ცდილობ და ხვდები, რომ მსგავსი გემოს შეგრძნება დიდი...